11.06.2010

2010 წლის 10 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში - „გალერეა“ - გაიხსნა ფოტოგამოფენა - „გადავარჩინოთ ხევსურული სახლი“.
ხევსურეთი ეთნოგრაფიულად საქართველოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული კუთხეა. მკაცრმა გარემო პირობებმა, თავისებურმა მძიმე ყოფამ, ბართან სიშორემ, საზღვარმა ჩრდილო და სამხრეთ კავკასიას შორის, მეზობელ ტომებთან გამუდმებულმა ბრძოლამ და თავდაცვამ წარმოშვა შეუდარებელი ხევსურული ფოლკლორი - უნიკალური ხევსურული ზეპირსიტყვიერება, რომელშიც აისახა ცა და მიწა, ქვესკნელი, სკნელი და ზესკნელი, ასეთი მიწიერი ყოფა და კოსმიური ხილვები. ხევსურული სახლი ასეთი აზროვნების, სამყაროს ხევსურული აღქმის ანარეკლი და შედეგია: სამი სკნელით (სამი სართულით), სააქაოთი და საიქიოთი, ხემხვივანით, მზისეთით და შავეთით.
გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურთა მასობრივად ბარში ჩამოსახლებამ თითქმის დაცალა ეს უნიკალური კუთხე და საფრთხე შეუქმნა ხევსურული ფენომენს და მის ერთ-ერთ უძლიერეს გამოვლენას - ხევსურულ სახლს. ხევსურული სახლი მთლიანი ხუროთმოძღვრული კომპლექსია - გალავნით, ციხე-ქავით და საკუთრივ სახლით. ხევსურული სახლის გასაოცარი ნიმუში, ზვიადაურთა ციხე-კოშკი, - ქავზე მიკრული მტრის გამხმარი მარჯვენით, - არდოტში გასული საუკუნის 30-იან წლების მიწურულს ჩაიშალა და ჩაინგრა. მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. რამდენი ხევსურული სახლი შეიწირა დაუნდობელმა დრომ და უყურადღებობა-გულგრილობამ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ხევსურეთი, რესტავრირებული ხევსურული სახლით ტურისტებისათვის ერთიორად საინტერესო და მიმზიდველი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და ქართული მთის შენარჩუნებას.
ღონისძიების ორგანიზატორი ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრი „მერკინალი“, პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე.
|